"ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
Share
Share
“ქართული ოცნება” საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ ბრიფინგზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე „ქართული ოცნება“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსაც.
“საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს – ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინ წინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია.
იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. ამის მიუხედავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე.
ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.