აზერბაიჯანმა ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო
Share
Share
სომხურ ფორმირებებთან ბოლო დღეების შეტაკებების ფონზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყარაბაღში “ანტიტერორისტული” მოქმედებები დაიწყო მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლს ექვემდებარება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საარტილერიო დარტყმები ხორციელდება მხოლოდ სომხური არმიის პოზიციებზე, დასახლებები და ინფრასტრუქტურული ობიექტები არ იბომბება.
“სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველყოფის მიზნით, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, ჩვენი ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განიარაღებისა და გაყვანისთვის, გათავისუფლებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის, სამშენებლო-აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო მოსამსახურეებისა და სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად, რეგიონში დაწყებულია ანტიტერორისტული ღონისძიება.” – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქმედებების ფარგლებში, შეხების ხაზსა და სეპარატისტული ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ იყენებენ მაღალი სიზუსტის შეიარაღებას. ასევე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ მოქმედებების შესახებ შეატყობინეს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტსა და თურქულ-რუსული ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობას.